„გაეროს გენერალურ ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის რამდენიმე წევრს არ მიუღია აშშ-ის ვიზა, მათ შორის დელეგაციის ოფიციალური ნაწილიდან ორ ადამიანს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მან განმარტა, რომ რუსეთის დელეგაცია გენერალურ ასამბლეაზე დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად.
„პირველი არის ოფიციალური დელეგაცია. მის სიას ამტკიცებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ამჯერად დელეგაციას ხელმძღვანელობს [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი] სერგეი ლავროვი. ოფიციალური დელეგაციის 10 წევრიდან ორ წევრზე ვიზა არ გასცეს. ეს ტაქტიკა უკვე გახდა აშშ-ს არაკეთილსინდისიერი ტრადიცია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩვენ გამოვთქვით პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, თანმხლები პირებიდან რამდენიმე მათგანმა – ექსპერტებმა, დიპლომატებმა და დელეგაციის სხვა წევრებმა არ მიიღეს აშშ-ის ვიზა.
„მესამე კატეგორია კი ჟურნალისტები არიან. ერთ-ერთს ვიზა არ მისცეს“, – დასძინა ზახაროვამ.