აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ეს ქმედებები აღიარებს ტრანსკონტინენტურ საფრთხეს, რომელსაც ვაგნერი წარმოადგენს, მათ შორის მის სერიოზულ კრიმინალურ აქტივობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო „ვაგნერელებისა“ და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში, ჯერ კიდევ ნოემბერში მიემგზავრებოდნენ.
აშშ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება სწორედ დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Group-ის მიერ ხდებოდა.
„ვაგნერის“ დაჯგუფება სამხედრო ფორმირებაა, რომელსაც რუსეთში გაურკვეველი იურიდიული სტატუსი აქვს. მისი შემქმნელი და მფარველი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრია.
როგორც ცნობილია 2014 წელს „ვაგნერი“ უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგ კი სირიაშიც მოქმედებდა.
გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, „ვაგნერი“ უკრაინის ტერიტორიაზე ღიად მოქმედებს. ისინი მათ რიგებში ჩასაწერად მოხალისეებსაც ეძებენ, რაშიც უშუალოდ პრიგოჟინიც არის ჩართული.