ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 9, 2022 04:16 საათი

თბილისი

დეკ 9 - პარ
Tbilisi, GE
2°C overcast clouds

ბელარუსი: უსაფრთხოების კიდევ ერთი გამოწვევა

ბელარუსი: უსაფრთხოების კიდევ ერთი გამოწვევა
ბელარუსის იზოლირებამ ლუკაშენკო მოსკოვთან უფრო მეტად დაახლოვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მინსკზე ეკონომიკური და სამხედრო გავლენის გაზრდა დაიწყო. რუსეთის მიერ ბელარუსისთვის გაწეული დახმარება უპირობო არ ყოფილა და ორ ქვეყანას შორის საფუძველი ჩაუყარა ე.წ. პატრონკლიენტურ ურთიერთობებს. ასეთი ურთიერთობები კრემლს საშუალებას  აძლევს, მინსკზე პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი დაამყაროს და ბელარუსი საკუთარ სამხედრო პლაცდარმად გადააქციოს. დღეს მსოფლიო უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის მომსწრეა, რის ფონზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა თითქმის შეუმჩნეველი რჩება. ბელარუსმა ახლახან  მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც მინსკი უარს იტყვის ვალდებულებაზე, რომელიც ბელარუსს აიძულებდა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ქონაზე. ამავდროულად, მინსკსა და მოსკოვს შორის ნოემბერში დადებული უსაფრთხოების დოქტრინის მიხედვით, რომლის შინაარსი მხოლოდ ახლახან გახდა საჯაროდ ცნობილი, რუსეთი მეზობელ ბელარუსში საკუთარი ბირთვული ინფრასტრუქტურის განთავსებას შეძლებს. ეს მოვლენები იმის მიმანიშნებელია, რომ ევროპა სულ მალე შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტზე უფრო დიდი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დადგეს.

პუტინის რუსეთის იმპერიის ნაწილი

რუსეთი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ყოველთვის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი იყო და მის რეჟიმს 27 წლის განმავლობაში უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თითქმის ყოველთვის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ბელარუსი არასდროს ყოფილა  „რუსული სამყაროს“ წევრობით დაინტერესებული და  მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დასავლეთთან დაახლოებასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 2010-იან წლებში ბელარუსის მთავრობამ ქვეყნის უსაფრთხოების აპარატიდან „პრორუსული ელემენტებიც“ კი გაათავისუფლა. ხოლო 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ლუკაშენკომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე უარი თქვა. ამასთანავე, ბელარუსის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთს არ მისცემდა უკრაინაზე თავდასხმის საშუალებას. ამავდროულად, ლუკაშენკო ცდილობდა მოსკოვსა და კიევს შორის შემრიგებლის როლის შესრულებას, რასაც  მინსკში გამართული მოლაპარაკებები მოჰყვა. კონფლიქტში ნეიტრალიტეტი ბელარუსისთვის საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა, რადგან ლუკაშენკოს საერთაშორისო იმიჯს ხელი შეუწყო. ბელარუსი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი საჰაერო კვანძიც გახდა, 2015 წელს უკრაინა-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეჩერების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის აგვისტოში ახალი პერიოდი  მას შემდეგ დაიწყო,, რაც ლუკაშენკომ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული მასობრივი პროტესტები ჩაახშო. კრემლმა ლუკაშენკოს დემონსტრაციებისა და დასავლური სანქციების მოსაგერიებლად დიდძალი დახმარება შესთავაზა. პუტინმა ბელარუსის ლიდერს სამხედრო დახმარებაც აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია „კონტროლს არ დაექვემდებარებოდა“. საბოლოო ჯამში, რუსეთის ასეთმა გარანტიებმა დასავლეთის მიერ იზოლირებულ ბელარუსის დიქტატორს კრემლის წესების მიხედვით თამაშის გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვა. ლუკაშენკოს კრემლთან მიტმასნების დროს, უკრაინა კიდევ უფრო დაუახლოვდა დასავლეთს და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ივლისში კიევი ოფიციალურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცეზე დაწესებულ აკრძალვებს, რაც მაისში Ryanair-ის რეისის მინსკში ბელარუსის მთავრობის მიერ იძულებით გაჩერებას მოჰყვა. ამის შემდეგ ლუკაშენკომ კიევი „საგარეო შეთქმულებებში“ მონაწილეობაში დაადანაშაულა და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში წვრთნიდნენ სპეციალურ სამხედროებს, რომელთა მიზანი ბელარუსის დესტაბილიზაცია იყო.

ახალი საფრთხე

რუსეთის მიერ ბელარუსის გავლით უკრაინაში შეჭრა ყოველთვის აღიქმებოდა საფრთხის შემცველ სცენარად. მიუხედავად ამისა, საფრთხე რეალური სულ ახლახან, 24 თებერვალს გახდა, როდესაც უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა განაცხადა, რომ, ყირიმისა და რუსეთის გარდა, რუსული სამხედრო დანაყოფები უკრაინაში ბელარუსის გავლითაც შეიჭრნენ. მანამდე ლუკაშენკომ და პუტინმა „საკავშირო სახელმწიფოს“ პროექტის შესახებ მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართეს. მოცემული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთსა და ბელარუსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. 9 სექტემბერს, პუტინსა და ლუკაშენკოს შორის 2021 წელს რიგით მე-5  შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მჭიდროდ დაახლოების მიზნით მიღებულ იქნა 28-პუქტიანი გზამკვლევი. ლუკაშენკომ რუსეთთან ინტეგრაციის დიდი სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ინტეგრაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მინსკის დამოუკიდებლობას.

12 სექტემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსულ საჰაერო თავდაცვის S-400 სისტემებს განათავსებდა უკრაინის ჩრდილოეთის რეგიონების მახლობლად, „ქვეყნის უკრაინისგან თავდასაცავად“. განცხადება მოჰყვა მოსკოვის მიერ ბელარუსთან ერთად უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს გამართულ მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, რომელშიც 200 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ბელარუსის დიქტატორმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვითი სისტემა 1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილი იყო, რომელზეც პუტინთან სექტემბრის მოსკოვის სამიტზე შეთანხმდა. ეს მოვლენები მკვეთრად მიანიშნებდა კრემლის წინასაომარ მზადებას.

ბელარუსი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის უსაფრთხოების დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო დანაყოფების განთავსება დაიწყო და ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიისათვის გამოიყენა. 20 თებერვლამდე რუსული სამხედრო დანაყოფები მხოლოდ და მხოლოდ წვრთნების მიზნით იყვნენ განთავსებული ბელარუსში. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 30 000-კაციანი რუსული სამხედრო დანაყოფი მუდმივად იქნება წარმოდგენილი ბელარუსის ტერიტორიაზე. ამასთანავე, ბელარუსსა და რუსეთს შორის ნოემბერში დადებულ უსაფრთხოების დოქტრინისა (მოცემული დოქტრინის შინაარსი მხოლოდ ახლახან გასაჯაროვდა)და ბელარუსის კონსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღსაც განათავსებს. ამგვარი მოვლენების შესაძლებლობა კი დასავლეთისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველი იქნება, ვიდრე მიმდინარე რუსული აგრესია უკრაინაში.
წყარო: მედია

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები