ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ინდოეთის ხელისუფლებას საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა იქნა განხილული. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ინსაიდერულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, წერილი მარტში, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ესკალაციის ფონზე, ინდოეთის პრეზიდენტ დრაფადი მურმუს ერგო.
„სი ძინპინმა მიმართვა მისწერა ინდოეთის პრეზიდენტ დრაუპადი მურმუს, რათა შეეფასებინა ურთიერთობების დათბობისა და ახალი თანამშრომლობის გზები,“ – განაცხადა ინდოეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელსაც წყარო ციტირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი საბოლოოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის გადაეცა. თუმცა, ინდოეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები მხოლოდ ივნისიდან დაიწყო.
Bloomberg ხაზგასმით აღნიშნავს: ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებები გადაიდო და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა მზადყოფნა, შუამავლობა გაეწია ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის დარეგულირებაში, რამაც ნიუ-დელიში უკმაყოფილება გამოიწვია.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ნარენდრა მოდი 2019 წლის შემდეგ პირველად გეგმავს ჩინეთში ვიზიტს, რათა მონაწილეობა მიიღოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტში.