რუსული მხარე არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმებოდა. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გაგლოევმა ამის შესახებ მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
„რუსულ მხარესთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ, რომლის პირველი პუნქტი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების შეთანხმებას ითვალისწინებს. აქ კი ისეთი სიტუაცია გვქონდა, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება გვსურს, მაგრამ მათ ამის შესახებ არ იციან. ჩვენ გვსურს რეფერენდუმის ჩატარება და გვსურს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება“ – განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა მოხდება დე ფაქტო პარლამენტში, მასში საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, შემდეგ კი უკვე გაიმართება კონსულტაციები რუსულ მხარესთან.
როგორც ალან გაგლოევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯიოევმა განაცხადა, რეფერენდუმის ჩატარებაზე მუშაობა „სუფთა ფურცლიდან დაიწყება“.