სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისადმი სოლიდარული ნამდვილად არის.
„ჩემი აზრით, გადამეტებულია იმის თქმა, რომ ჩემსა და საქართველოს მთავრობას შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება, სხვაობა იყოს ლექსიკაში, რომელსაც მთავრობა იყენებს. თბილისში თუ ჩამოხვალთ, დაინახავთ, რომ ხალხი მხარს უჭერს უკრაინას. ქალაქში ბევრი უკრაინული დროშაა და ბევრი ინიციატივა მოდის მოქალაქეებისგან იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართველები უკრაინის სოლიდარულები არიან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს რაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება.
ეს ღიმილის მომგვრელია, რადგან საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია. არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს, შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარება და ამას აკეთებენ კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რაც შეუძლიათ. ამ კუთხით დავეთანხმები უკრაინის პრეზიდენტს და ვიტყვი, რომ რომელ ქვეყნებსაც შეუძლია მეტი სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის, მათ ეს უნდა გააკეთონ.
ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო დაწესდა და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის ესეც დიდ რამეს ნიშნავს. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი არ იცვლება, ჩვენ ახლა 21-ე საუკუნეში ვართ და ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს.
„ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაზედაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. ამ დროს რუსეთის ძველი იმპერიალისტური ამოცანები კვლავ სახეზეა, რაც ჩვენ და უკრაინელებმა ძალიან კარგად ვიცით, რადგან უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ სწორედ ამას გავდივართ და სამწუხაროდ ეს მეორდება. თუმცა ახლა ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა, რადგან რუსეთის ამოცანები არ შესრულდა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.