ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რუსეთის არმიის უკრაინაში უკან დახევით უკმაყოფილოა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ბევრი ინფორმაცია მიიღო, მაგრამ კონკრეტულ ახსნა-განმარტებას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსგან ვერ ხედავს. კადიროვმა, რომელიც ძლივს წარმოთქვა ქალაქების სახელები, აღიარა ოკუპანტების წარუმატებლობა იზიუმში, კუპიანსკსა და ბალაქლიაში.
„მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან, ჩვენი ხალხი უკვე არის იქ, სპეციალურად ამ საქმისთვის გაწვრთნილი, მზად არის კიდევ ათი ათასი მებრძოლი წასასვლელად. ჩვენ უახლოეს მომავალში ოდესაში ჩავალთ, თქვენ კი იხილავთ კონკრეტულ შედეგებს“, – აცხადებს კადიროვი.
კადიროვი სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რუსებმა უკრაინელებს რამდენიმე ქალაქი აჩუქეს.
გარდა ამისა, კადიროვი არ კარგავს იმედს, რომ რუსეთის არმია მალე ვითომ ოდესას მიაღწევს და ყველა ქალაქს დააბრუნებს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს რაშისტებისგან.
„ვერავის დავაბრალებ, რადგან სიღრმისეულად არ მესმის, რა სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: რუსეთი გაიმარჯვებს და ნატოს ეს შაიტანები და დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურები, მათი იარაღი ჩახშობილი იქნება, დათრგუნული იქნება. ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებით“, – დასძენს ჩეჩნეთის ლიდერი.