ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:14 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

დემოკრატებმა ოფიციალურ პროგრამაში შეიტანეს პუნქტი, რომლითაც უკრაინის მხარდაჭერა მათი ოფიციალური პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად განისაზღვრა

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ უკრაინის მხარდაჭერა თავისი ოფიციალური პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად გამოაცხადა. შესაბამისი პუნქტი გაიწერა პარტიის ოფიციალურ პროგრამაში, რომელიც დემოკრატთა ყრილობაზე დამტკიცდა და მოგვიანებით, პარტიის ვებგვერდზე აიტვირთა.

პროგრამის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას ეხება, ევროპიდან, კერძოდ, უკრაინიდან იწყება და მასში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა, აშშ-ის ტრანსატლანტიკური ალიანსების ერთიანობის შენარჩუნება და რუსეთთან ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილება.

„შეერთებულმა შტატებმა სამივე ფრონტზე წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით, ამერიკამ უზრუნველყო უკრაინის დახმარება იარაღით, მისი დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც საჭიროა  რუსული აგრესიისგან მისი სუვერენიტეტის დასაცავად“,  – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დემოკრატები აღნიშნავენ, რომ მათი დამსახურებით შეიქმნა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და სხვა სახის დახმარებები.

„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ასევე დახმარება გასწია რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან  უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მიმართულებით და მუშაობდა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის აღდგენაზე, რათა მხარი დაეჭირა გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პროგრამაში აგრეთვე ნახსენებია რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელსაც  დემოკრატები ბრალს სდებენ იმაში, რომ „დახურულ კარს მიღმა, ის მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც უკრაინას პუტინისთვის სუვერენული ტერიტორიების ჩაბარებისკენ უბიძგებს“.

პროგრამაში დემოკრატები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „არასდროს შეაქცევს ზურგს მოკავშირეებს“ და „განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას პუტინის დანაშაულების შესაჩერებლად და მოკავშირე ერებისა და ამერიკის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ რუსეთისგან მომავალი საფრთხის შესაჩერებლად“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები