კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, მოსკოვი არ აღიარებს დასავლური ქვეყნების ჯგუფის მიერ დაწესებულ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს.
”აქ ერთი რამ აშკარაა – ჩვენ არ ვაღიარებთ ფასების ლიმიტს”, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მოამზადებს.
მისი თქმით, შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას რუსეთის უნარზე, განახორციელოს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.
”რუსეთის ეკონომიკას აქვს საჭირო პოტენციალი, რათა სრულად დააკმაყოფილოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა საჭიროება და მოთხოვნა. ასეთი ზომები მასზე გავლენას არ მოახდენს”, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ფასებზე ზედა ზღვრის დაწესება გავლენას მოახდენს ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობაზე.
„ერთი რამ ცხადი და უდავოა: ამ გადაწყვეტილებების მიღება არის ნაბიჯი მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციისკენ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, პარასკევს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – 60 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ.