ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა Echo of the Caucasus-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ და გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა.
კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება, კოკოითი პასუხობს, რომ იყო შანსი, თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილთან შეთანხმება შეუძლებელი იყო, რადგან, როგორც განმარტა, ის თავიდანვე ომისთვის იყო „დაპროგრამებული“.
„ჩვენი მხრიდან მოძმე აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დაძაბულობა მოხსნილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ სააკაშვილის მეთაურობით, აიძულა ქართველი ხალხი ასეთი ნაბიჯი გადაედგა, რის შედეგადაც მთელი ჩვენი ძალისხმევა ჩაიშალა“, – აცხადებს კოკოითი.
კოკოითი ომამდე ხშირად ჩადიოდა მოსკოვში მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, ეს მშვიდობიანი ინიციატივებით იყო განპირობებული და აგრესიული ზრახვები არ ჰქონია.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო მშვიდობიანი ინიციატივები, არ ყოფილა აგრესიული ზრახვები. ჩვენ არ ვართ თვითმკვლელები! ჩვენ კარგად ვიცოდით საქართველოს უპირატესობა შეიარაღებაში“, – აღნიშნა კოკოითმა.
მან ასევე თქვა, რომ მან სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატივით წერილი გაუგზავნა ეუთოს მაშინდელ თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რასაც მოსკოვმაც და ეუთომაც მხარი დაუჭირეს, მაგრამ სააკაშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგივრად ქართული მხარის მხრიდან კონფლიქტის ზონაში სულ უფრო მეტი ადამიანი იგზავნებოდა.
„კონფლიქტის ზონაში სულ უფრო მეტი ადამიანი იგზავნებოდა, მათი რიცხვი ბევრჯერ აღემატებოდა იმ რაოდენობას, რაც ქართული მხრიდან „დაგომისის“ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, სამშვიდობო ოპერაცია იყო სამმხრივი, ქართული მხრიდან ხუთასი კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან ქართველთა სია ორ ათასს აღწევდა“, – ამბობს კოკოითი.
კოკოითმა ასევე ისაუბრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეუთოს ოცი წევრი ქვეყნიდან საქართველოში აკრედიტებული ელჩების დელეგაციის ჩასვლაზე და ამას რუსეთის ფედერაციის პროვოცირების მიზნით, ქართული მხარის პირველი ძლიერი პროვოკაცია უწოდა.
„როდესაც ელჩები ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ქართველებმა დაიწყეს სროლა ჩვენკენ, რათა გამოგვეწვია რაიმე სახის აქტიური სამხედრო მოქმედებები, რათა ეუთოს ელჩებს ჩაეწერათ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მოძრაობა. მათ ელჩებს უთხრეს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსული ტექნიკით იყო სავსე“, – განაცხადა კოკოითმა.
როგორც კოკოითი ამბობს, მათ მიმართ კეთილგანწყობის ნიშნად, დელეგატები როკის გვირაბში მოიწვია. მისივე თქმით, ამ დროს სააკაშვილს სკოლის ბიჭივით აჯობა, რადგან მათ დაანახა, რომ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ჯარი არ იყო.
„პირდაპირ მოლაპარაკების დარბაზიდან ავდექით და გვირაბში გავედით. მე მაშინ დავუმტკიცე მათ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ იყო რუსული ჯარი, ტრანსკამზე ტექნიკის კვალიც კი არ იყო“, – ამბობს კოკოითი.
კოკოითი აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ადანაშაულებს. ასევე აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებით, ნატოს ქვეყნები ხელს უწყობდნენ კონფლიქტის გაღვივებას და აგვისტოს ომთან მიმართებით, მათაც იგივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც საქართველოს.
„მათ არ მოისმინეს ჩვენი მოწოდებები, ჩვენი წინადადებები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებით“, – განაცხადა კოკოითმა.
კოკოითი ამბობს, რომ ეს იყო დიდი ტრაგედია ოსი ხალხისთვის და დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ეს ამბავი დავიწყებას ეძლევა. ნაკლებად საუბრობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, უნდა გვახსოვდეს, გამოვიტანოთ დასკვნები და გავავლოთ პარალელები მსოფლიოში მომხდართან.