არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას მისი ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი, დავით ბაბაიანი ეხმაურება და რუსეთს ამ კონფლიქტში შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
„ფაქტობრივად ომია, ისვრიან. ჩვენები პასუხობენ, ჩუმად არ უნდა ვიჯდეთო. ახლა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეწყვიტოს და პოლიტიკურად მოაგვაროს ეს საკითხი. ლიმიტი უკვე გადალახულია“, – განაცხადა ბაბაიანმა.
ბაბაიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისგან ამგვარი ქმედება მისთვის მოულოდნელი არ იყო.
„კარგად უნდა გავიგოთ, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. აზერბაიჯანის პირისპირ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც სომხური სიძულვილი სახელმწიფო „რელიგიაა“. მისგან სხვას ვერაფერს ველოდით. შეგვეძლო ამის თავიდან აცილება? არა, რადგან ისინი ამ წუთში თავს დაუსჯელად გრძნობენ. უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები“, – აღნიშნა მან.
თავად რუსული მხარე სომხეთს და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, ისინი დაპირისპირებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.