საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
ერთი დღით ადრე საქართველოს პოტენციური მეტოქეების მატჩი გაიმართა – ფინეთმა დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ნიკოლა იოკიჩის სერბეთი დაამარცხა. პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმა ფინელთა მწვრთნელს ჰკითხა – რთული ბადე გაქვთ, დღეს სერბეთი შემდეგ საფრანგეთი, მას გერმანია მოჰყვებაო…
მწვრთნელმა მოკლედ უპასუხა, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული ევრობასკეტისთვის.
შემდეგი შეკითხვა ჩვენ დავუსვით – დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შემდეგი მეტოქე საფრანგეთი იქნება?
„დარწმუნებული არ ვარ. ფინეთმაც დაამტკიცა, რომ დიდი სახელის გუნდებთან კარგ ნაკრებებს გამარჯვება შეუძლიათ. საქართველო კარგი გუნდია და ვნახოთ, რას შესთავაზებს საფრანგეთს“.
პირველივე წუთებიდან საქართველომ საფრანგეთს დიდი ბრძოლა შესთავაზა. ფრანგებს მოედნის არცერთ მონაკვეთში ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონიათ. თავის მხრივ, კამარ ბოლდუინის წინამძღოლობით ჩვენმა გუნდმა თავდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედი 24:20 მოიგო. საინტერესოა, რომ 2011 წლის შემდეგ სწორედ ეს 24 ქულაა ყველაზე მაღალი შედეგი ჩვენი ნაკრების პირველი მეოთხედისთვის.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი მაქსიმალურად ცდილობდა ლიდერების დასვენებას. საწყის 20 წუთში ბითაძემ 10 წუთი ითამაშა, შენგელიამ – 13. თორნიკეს ამ მოკლე მონაკვეთში 13 ქულა ჰქონდა. კაპიტანს ევრობასკეტზე ჩატარებულ ბოლო 19 მატჩიდან უკვე 16-ში აქვს +10 ქულა.
როგორც პლეი ოფის მატჩებს ახასიათებს, მესამე პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. გუნდებმა დაცვაში თამაშს მოუმატეს და ქულების მოგროვება მეტად გართულდა. ფრანგები ჩვენი კალათბურთელების შეჩერებას მხოლოდ სჯარიმოებით ახერხებდა, ქართველები კი აგდებდნენ და მეოთხე პერიოდის წინ 58:54 დაწინაურდნენ.
გადამწყვეტ მეოთხედში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე. მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე გოგა ბითაძემ მნიშვნელოვანი სამქულიანით საქართველოს ნაკრები 3 ქულით დააწინაურა. მნიშვნელოვანი ჯარიმები გამოიყენეს კამარ ბოლდუინმა და თორნიკე შენგელიამ.
შეხვედრა 24-24 ქულით დაასრულეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა. 14 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 – გოგა ბითაძეს, 6 – ბექა ბურჯანაძეს, 4 – გიორგი შერმადინს.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.