ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო დღეებში აშშ-ის იმპორტის მიმართ საპასუხო ზომების პაკეტს დაამტკიცებენ. მისი სავარაუდო ღირებულება 28 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ევროკომისია 7 აპრილს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ამერიკული საქონლის ჩამონათვალს წარუდგენს, რომელსაც დამატებითი გადასახადი დაუწესდება. ამაში ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხის ნაწარმი, ტანსაცმელი, საღეჭი რეზინი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი შევა.
ამ საკითხზე კენჭისყრა 9 აპრილს უნდა გაიმართოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადასახადების ნაწილი 15 აპრილს დაწესდება, ხოლო ძირითადი ნაწილი – ერთ თვეში.
ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოუტანია. ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლების ხელმძღვანელმა მაროშ შევჩოვიჩმა აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს „დამანგრეველი და გაუმართლებელი“ უწოდა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბენეტის თქმით, თეთრ სახლს საბაჟო გადასახადების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების თხოვნით უკვე 50-მა ქვეყანამ მიმართა. ფინანსთა მინისტრს ეს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორების მიმართ ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. ევროკავშირის ქვეყნებს 20%-იანი გადასახადი დაუწესდა, დიდ ბრიტანეთს – 10%-იანი, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული გადასახადი 40%-ს აღწევს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე 34%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა.