ევროკავშირი და იაპონია შეეწინააღმდეგა აშშ-ის შეთავაზებას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისადმი რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც Financial Times ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, შტატებში უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლით დღემდე აქვს შესაძლებლობა, ომში გამოსაყენებლად შეიძინოს დასავლური ტექნოლოგიები. გამოცემის ცნობით, სწორედ ამიტომ გამოვიდა აშშ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივით.
თუმცა, Financial Times-ის ცნობით, იაპონია და ევროკავშირი ასეთი აკრძალვის რეალიზებას შეუძლებლად მიიჩნევენ.
„ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული ექსპორტის აკრძალვა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის ირგვლივ ისედაც გაწელილი დებატების განახლებას და გამოიწვევს უკვე მიღებული ზომების პოტენციურად შესუსტებას“, – წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, „დიდმა შვიდეულმა“ აშშ-ის ინიციატივით განიხილა სანქციების მოქმედი რეჟიმის შეცვლა და ყველა სახის ექსპორტზე აკრძალვის დაწესება გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ნაწარმი.