გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Bild-ი რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მინისტრისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან.
როგორც გერმანელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ ვინ შეცვლის ლამბრეხტს ამ თანამდებობაზე.
გერმანიის მთავრობის სპიკერები ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ და მასზე კომენტარს არ აკეთებენ.
ლამბრეხტი სოციალურ ქსელში გავრცელებული საახალწლო მიმართვის გამო გააკრიტიკეს. გზავნილის დროს ლამბრეხტმა უკრაინის ომზე ფეიერვერკის ფონზე ისაუბრა. ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა ლამბეხტის გზავნილი “ცუდ ტონად” შეაფასეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.
კანდიდატებს შორის მთავარ ფავორიტად მედიაში 54 წლის სოციალ-დემოკრატი ევა ჰიოგლი სახელდება, რომელიც 2009-2020 წლებში ბუნდესტაგის წევრი იყო, 2020 წლის მაისიდან კი გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის თანამდებობას იკავებს.