ბელორუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„რთული დროა. ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენ გესმოდეთ: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორც ისტორიკოსმა, მე ეს კარგად ვიცი. რამდენი ადამიანი დაზარალდა იმ საშინელ ომში, რომლის მოწმეებიც დღესაც ცოცხლები არიან. ყოველ ოჯახში დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ, არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, განსაკუთებით ჩემს დროს, ომობდეს.
თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, უცხოები არ არიან. ბევრი ნათესავია იქ, აქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა, მინდა, რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით, ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა“, – აცხადებს ლუკაშენკო.
ბელარუსში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსებას და ატომური ელექტროსადგურის არსებობას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უსაფრთხოების ფაქტორი უწოდა.
„ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს. ჩვენ გვაქვს ატომური ელექტროსადგური – ეს, უნდა გითხრათ, არის ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ფაქტორი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი, რომლის განლაგებაც რესპუბლიკაში იყო დაგეგმილი.
„ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – დასძენს ბელარუსის ლიდერი.