„12 პუნქტიანი გეგმა პრაქტიკულად გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ხელში სასპეკულაციო თემად იქცა და ამ თემის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ როგორმე არ მოხდეს გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება, რათა ევროპაში არ ჩათვალონ, რომ ის შეკვეთა, დეპოლარიზაცია პროცესშია და რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღონ საქართველოსთან მიმართებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 12 პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ ელოდება იმას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია ექნებათ.
მისი თქმით, რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა კვლავ დღის წესრიგშია. როგორც დეპუტატი აცხადებს, ჭიდილი გრძელდება იმ სფეროში, რასაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების გაძლიერება და ამ პოზიციების გასაძლიერებლად ევროსტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მოხმობა.
„არ ველოდებით, რომ ამ მიმართებით რადიკალურ ოპოზიციას ექნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. მე ვფიქრობ, დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა კვლავ დღის წესრიგშია. ახალი ვერაფერი მოიგონეს და არც აქვთ რესურსი რაიმე სიახლე შესთავაზონ საზოგადოებას. გავიმეორებ, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ მდგომარეობს რაიმე კონსენსუსის მიღწევაში. ყველა საკითხთან მიმართებაში, ამ 12 თუ 11 პუნქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი პოზიცია, რომელიც არ იცვლება, რომ არ მიიღო მონაწილეობა საქმიანობაში და გაამართლო ეს იმით, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს იმ რეკომენდაციას, რომელიც გააჩნია ევროკავშირს. ეს ფორმულა ძალიან ადვილად იკითხება მათ აქტივობებში. მაგრამ ფაქტია, რომ არათუ რაიმე მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში, პარალელური პროცესის განვითარების დროსაც ერთი ნაგლეჯი ქაღალდი ოფიციალური დოკუმენტი არ შეუქმნიათ, რომ რაიმე რეგლამენტის ფორმატში გააკეთონ შესაბამისი განაცხადი.
ასე რომ ჭიდილი გრძელდება იმ სფეროში, რასაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების გაძლიერება და ამ პოზიციების გასაძლიერებლად ევროსტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მოხმობა. აი ეს არის მათი მთავარი ამოცანა. არადა ყველა მიმართულებით, გენდერულ საკითხზე იქნება, კრიმინალთან ბრძოლის თემაზე იქნება, სასამართლო რეფორმის საკითხებზე თუ საარჩევნოზე იქნება მიღებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და წარმოდგენილი პროექტები პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო, განვითარებულ, დემოკრატიულ თანამეგობრობას გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.