აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობებს აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
როგორც ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.
„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ პერიოდში, ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდი, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებთან და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – აცხადებს ილჰამ ალიევი.