რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო.
„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე.
რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.