ირანში აფეთქებების სერია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მოხდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, აფეთქებების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მინიმუმ ორ ობიექტზე, ისპაჰანსა და აზარშაჰრში დადასტურდა.
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ობიექტზე მასიური აფეთქება მოხდა, ირანულმა მედიამ მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ამასთან, ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ისპაჰანში მომხდარი აფეთქება და განაცხადა, რომ დრონით განხორციელდა. ამავდროულად, ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ამან მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ირანის ხელისუფლების მტკიცებით, „წარუმატებელი თავდასხმის“ შედეგად, ერთ-ერთი დრონი ჩამოაგდეს.
Al Arabiya იუწყება, რომ გარდა ამ შემთხვევებისა, აფეთქებები მოხდა ქალაქ რაშტში, ირანის პროვინცია გილანსა და ასევე დედაქალაქ თეირანში, მაგრამ ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.