ისრაელმა ღაზის სექტორზე საპასუხო ავიაიერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც ღაზიდან და ლიბანიდან ისრაელის მხარეს რაკეტები ისროლეს.
მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ღაზაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის „ჰამასის“ გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.
მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაში გამოცხადდა. მანამდე ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა.
მათი მტკიცებით, 34 რაკეტიდან უმეტესობა მოიგერიეს, მაგრამ ექვსი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა და შენობები დააზიანა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ყველაზე დიდი შეტევა იყო 2006 წლის ომის შემდეგ.