საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე და ამას ავტომატურად მოაქვს, ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ, ყველას ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამითი იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად მოაქვს, თავისთავად ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც, მარტივი არ არის. რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს ესეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამავდროულად, მინდა ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღიქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცაღა, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ძალიან მიხარია ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა.