უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს უნგრეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ მეთაურს — „დრუჟბას“ ნავთობსადენზე თავდასხმებში მონაწილე ოფიცერს — ქვეყნისა და შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ზელენსკის განცხადებით, ბუდაპეშტიდან უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურად ისმის ბრალდებები.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერს, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენზე თავდასხმებში ფიგურირებდა, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მისი ვინაობა თავდაპირველად არ დასახელდა.
მოგვიანებით, უნგრეთის ეროვნულმა იმიგრაციის სამსახურმა განმარტა, რომ საუბარია უკრაინის მოქალაქე რობერტ ბროვდიზე, დაბადებულზე 1975 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ უჟგოროდში, ზაკარპატიის ოლქში. ეთნიკურად უნგრელი ბროვდი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურია, მეტსახელით Мадьяр (მადიარი).
„ახლა, როცა ჩვენი ხალხი ყველაზე მასშტაბური რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგების წინაშე დგას, ვხედავთ უნგრელი ოფიციალური პირების კიდევ ერთ მცდელობას, შავი თეთრად გამოაცხადონ და უკრაინას დააკისრონ პასუხისმგებლობა ომის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა სამშვიდობო წინადადებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებითად შეხვდა, ხოლო ერთადერთი, ვინც ეს უარყო, რუსეთი იყო.
„უნგრელი ოფიციალური პირები იქამდე მივიდნენ, რომ ცდილობენ დისკრიმინაცია გაუწიონ უკრაინაში უნგრული თემის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად იბრძვიან. თუ უნგრეთმა მართლაც აუკრძალა შესვლა უნგრეთსა და შენგენის ზონაში სამხედრო მეთაურს, რომელიც ეთნიკური უნგრელი და უკრაინის მოქალაქეა, ამან მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს“, – დასძინა მან.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რობერტ ბროვდის უნგრეთში შესვლა აეკრძალა. სიიარტოს თქმით, ეს დაკავშირებულია 22 აგვისტოს ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმასთან, რომლის მეშვეობითაც უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებს.