რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს დასავლეთის სურვილით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.
ანალიტიკოსების თქმით, კრემლი ცდილობს შექმნას დინამიკა, სიტუაცია, რომელშიც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანისთვის დასავლელი მოკავშირეები იგრძნობენ პრევენციულ დათმობებზე წასვლის აუცილებლობას.
ანალიტიკოსების ცნობით, 2 დეკემბერს გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათი თქმით, პუტინმა ცრუ განცხადებები გააკეთა, თითქოს, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება ქმნის სიტუაციას, რომლის გამოც, კიევი კატეგორიულად უარს ამბობს მოლაპარაკებებზე.
პუტინის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს რუსული ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.
შოლცთან საუბარი დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დიპლომატიურ ინიციატივას, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო პუტინთან სასაუბროდ, თუ ის ეძებს გზას ომის დასრულებისთვის.
ბაიდენის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ კრემლი მზად არაა უკრაინიდან გასასვლელად და „სპეცოპერაცია“ გრძელდება.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებასთან დაკავშირებით ართულებს საერთო ენის გამოძებნას შესაძლო მოლაპარაკებებში.
ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები, ასევე, საუბრობენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს განიხილოს მოსკოვის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტები 2021 წლის დეკემბერში.
ამ განცხადებების ფონზე ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას სურს მოლაპარაკებებში ჩართვა.
„რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელშიც დასავლეთი მას შესთავაზებს პრევენციულ დათმობებს მოლაპარაკებაში ჩართვის სანაცვლოდ, რუსეთისგან მნიშვნელოვანი წინასწარი დათმობების გარეშე.
პუტინის, ლავროვისა და პესკოვის განცხადებები აჩვენებს იმას, თუ რა შეიძლება იყოს სასურველი პრევენციული დათმობები: შემცირდეს დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინაში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის აღიარება და ნატოსა და დასავლეთის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვა ევროპაში“, – აცხადებს ომის შესწავლის ინსტიტუტი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებთან დროებითი შეთანხმებით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს.
ექსპერტების თქმით, ეს შექმნის ერთგვარ პაუზას საომარ მოქმედებებში, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს რუსეთის შეიარაღებული ძალები მომავალი სამხედრო ოპერაციებისთვის.