ქართველი მოკრივე, ლაშა გურული, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს ამცნობს, რომ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სპორტსმენი მადლობას უხდის ღმერთს, ოჯახს და გულშემატკივრებს მუდმივი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული აქვს, სამედიცინო დასკვნისა და გუნდის გადაწყვეტილებით, ხელის ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა:
„სამივე ბრძოლა ტრავმირებული ხელით ჩავატარე და მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ჩემპიონატის გაგრძელება აღარ იყო შესაძლებელი,“ – აღნიშნავს გურული.
ლაშა გურული ხაზს უსვამს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ასევე ოლიმპიადიდან, მედლის გარეშე არ დაბრუნებულა:
„ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როცა კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ. კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და სამშობლო.“
სპორტსმენი აცხადებს, რომ წინ სრული რეაბილიტაციაა საჭირო, რათა მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდეს:
„წინ დიდი გზა გვაქვს – პროფესიონალური კარიერა და 2028 წლის ოლიმპიური თამაშები.“