„ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო.
„ეს მათთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა. ბევრი გვსაყვედურობს, რომ ეს დაგვიანებულიც არის, თუმცა უნდა შევიდნენ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გადმოგვიბარებია და არც კოჰაბიტაციის სურვილი არ გვქონია, ეს იყო გარე ძალებზე დამოკიდებული სახელმწიფო, რომელიც მთლიანად გარედან იმართებოდა, შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდა წლები, რომ შევმდგარიყავით სუვერენულ, დამოუკიდებელ, სამართლებრივ სახელმწიფოდ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ორი მთავარი კრიტერიუმი, რასაც საკონსტიტუციო სარჩელი დაეფუძნა.
„რაც შეეხება სარჩელს, ორი მთავარი კრიტერიუმი იყო, პირველი პარტია არაკონსტიტუციურად უნდა მოქმედებდეს და ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ეს სამი პარტია მოქმედებს არაკონსტიტუციურად. იგივე „სტრატეგია აღმაშენებელი”, „დროა”, „გირჩი – მეტი თავისუფლება” და ასე შემდეგ, თუმცა მეორე კრიტერიუმი იყო, რომ ამ პარტიას უნდა გააჩნდეს რესურსი, რომ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩამოვყალიბდით სამ პარტიაზე: „ნაცმოძრაობაზე” და „ახალზე” შორს არ წავალ, 2012 წლამდე ჩადენილი ცოდვებიც საკმარისზე მეტია, რომ ეს პარტიები აიკრძალოს. „ლელოს” რაც შეეხება – ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა ეს პარტია და მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, მუდმივად რადიკალიზმი, მუდმივად არჩევნების არაღიარება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
 
				