ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა 30 მსჯავრდებული, რომლებიც მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლუკაშენკოს ოფისის თქმით, შეწყალებულთაგან 14 ქალია, 16 კი კაცი.
„მათ შორის, არიან ხანდაზმულები და მძიმედ დაავადებული ადამიანები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც Associated Press ემიგრაციაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერზე დაყრდნობით წერს, ეს მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა, ქვეყანაში 1 400 პოლიტპატიმარი რჩება გისოსებს მიღმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადებას პოსტსაბჭოთა ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
„აქციების დროს, 35 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ათასობით სცემეს. ბევრი ოპოზიციონერი მრავალი წლით გაუშვეს ციხეში, ზოგი კი საზღვარგარეთ გაიქცა“, – ნათქვამია სტატიაში.