საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ არ ცნობს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„დონბასში რეფერენდუმის იდეა ასე ტრაგიკული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა.
გადაწყვეტილება „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ მორიგი პროვოკაციაა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მთელი პროცესი დადგმული შოუა და მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება“, – განაცხადა მაკრონმა.
გარდა ამისა, მაკრონმა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას კრემლისგან უარი ეთქვა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში რუს კოლეგას დაუკავშირდება.