ვინაიდან ეს არის მათთვის უკანასკნელი არჩევნები, (ნაცმოძრაობასა და მის კლასტერზე მაქვს საუბარი) ძალიან დიდი შანსია, რომ დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე ვარაუდობს, რომ უკვე 2025 წელს, „ნაცმოძრაობის პარტიები“ აიკრძალება.
„მე მგონია, რომ ხალხის და შემდეგ ჩვენი პარტიის პასუხი და ერთობლიობაში ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება – ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს, ნაცების პარტიები აიკრძალება წელსვე. მათ ერთობას ისედაც წყალი აქვს შეყენებული. მათი პოლიტიკური კარიერა დამოკიდებულია დაფინანსების ხარისხზე. რაც მეტია დაფინანსება, მით მეტია მათი ერთობა, რაც ნაკლებია დაფინანსება – მით ნაკლებია მათი ერთობის ხარისხი. ამ შემთხვევაში, თანხებში ცოტა გაუჭირდათ, შესაბამისად უფრო მეტი ტურბულენტობაა მათი საერთო ნაცური გუნდის შიგნით. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ერთობა ეს არ არის რაღაცა ფასეულობის თანხვედრისგან გამოწვეული. აგენტურას დავალებები რომ აქვს, მათ არავინ ეკითხება ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, უბრალოდ პიროვნულ, ქვედა დონეზე კბენენ ხოლმე ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ.