გერმანიის ელჩმა რუსეთში უნდა განმარტოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია უკრაინის კონფლიქტში გერმანიის სტატუსის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ომშია რუსეთთან. იგივე სამინისტრო თავის ქვეყანას არ თვლის კონფლიქტის მხარედ. ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, გერმანიის ელჩმა რუსეთში უნდა განმარტოს ისინი“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა , რომ კიევისთვის მხარდაჭერა გერმანიას უკრაინის კონფლიქტის მხარედ არ აქცევს. ამგვარად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც მან განაცხადა, რომ „გერმანია უკვე ომშია რუსეთთან“.