„სამშაბათს, ფინეთის დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა გამართოს ტექნიკური მოლაპარაკებები ბრალდებული ტერორისტების ექსტრადირებაზე, რომელთა გადაცემასაც თურქეთი ითხოვს“, – ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
„შეხვედრის დროს თურქი ოფიციალური პირები ფინეთის დელეგაციას კიდევ ერთხელ გაუმეორებენ თხოვნას ორი ტერორისტული ჯგუფის, სეპარატისტული PKK-ისა და ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის (FETO) წევრების ექსტრადირებაზე. ბრალდებული ტერორისტების ბრალეულობის მტკიცებულებები დოკუმენტებით იქნება წარმოდგენილი“, – წერს სააგენტო.
ფინეთმა და შვედეთმა, ივნისში, ოფიციალურად წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია.
თურქეთი, რომელიც 70 წელიწადზე მეტია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას არ ემხრობა – ქვეყნის მაღალჩინოსნები ფინეთსა და შვედეთს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში, მათთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.