„სალომე ზურაბიშვილისგან მსგავსი ქცევა არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა, ახალი არ არის“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები შეაფასა, რის გამოც „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
„ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთ სიბრტყეზე დააყენა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რითაც დავინახეთ მისი არასწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები საკუთარი სახელმწიფოს მიმართ.
იმპიჩმენტი გამოვუცხადეთ სალომე ზურაბიშვილის იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე განაცხადა, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო, მაშინ, როდესაც ჩვენმა გულშემატკივარმა კოლეგებმა ევროკავშირში პირიქით დასვეს კითხვა – რატომ არ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსიო. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, იმ ფონზე, რომ იმ ქვეყნებმა მიიღეს სტატუსი, რომლებთან მიმართებითაც უპირატესობა გვქონდა. ეს პოლიტიკური თემაა და ყველასთვის ცნობილია, რატომ არ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ მხრივ მუშაობა გავაგრძელეთ.
სალომე ზურაბიშვილის ეს საქციელი მორიგი გამოცდაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა მსგავსს საკითხებზე რეაგირება იქონიოს. ვიცით სალომე ზურაბიშვილის არაერთგვაროვანი შეხედულებები და დამოკიდებულებები. ეს ქალბატონი გაურკვევლად იქცევა. არ შეესაბამება იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება. ასეთ მომენტში, მიუხედავად იმის, რომ [ეს და სხვა უამრავი] გამოწვევაა, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა. ეს არის გამოცდა ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა გავუმკლავდეთ – ეს ჩვენი ვალდებულებაა. საზოგადოების უმრავლესობამ, რომელიც ასევე ხელისუფლების მხარდამჭერია, დაინახა სალომე ზურაბიშვილის არასწორი ქცევა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევა. წითელი ხაზი კი იქ გადაიკვეთა, სადაც საქართველოს ომში ჩართვა მოინდომეს.
„სალომე ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის დავალებას ასრულებს. თუნდაც სააკაშვილის თემა ავიღოთ – პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ დავარღვიოთ კანონი და დამნაშავე გავათავისუფლოთ. მთელი ეს პროცესი – ევროპარლამენტის წევრების ნაწილის რეზოლუციები, ლობისტური ჯგუფები თუ CNN-ზე გასული რეპორტაჟები გვაჩვენებს თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ უნდა გავუძლოთ.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევა. წითელი ხაზი კი იქ გადაიკვეთა, სადაც საქართველოს ომში ჩართვა მოინდომეს, მათ შორის იმით, როცა მოხალისეების გაგზავნა სცადეს. ცდილობდნენ, რუსეთს როგორმე საბაბი ჰქონოდა, რომ ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინა. ხელისუფლებას ამ სიტუაციაში მართლა სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. დიახ, გვსურს ევროკავშირის წევრობა, ოღონდ ყველას წინაშე, პირველ რიგში კი ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები და სამართლიანები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.