„რატომ იქცა საქართველო მონაკოს ნაცვლად რუსეთის მოღალატეთა ბუდედ?“. ამის შესახებ ცხინვალის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
კოკოითიმ ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი 3 წლის განმავლობაში 10 მლრდ დოლარის ინვესტიციას მიიღებენ. „აფხაზეთი მეორე მონაკო გახდება, ხოლო სოხუმი – მონტე-კარლო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის უკან ვიღაცა კულისებს მიღმა თამაშებს აწარმოებს. ვაფრთხილებ ასეთი ნაბიჯების გადადგმისგან – თქვენ შეიძლება ოსი ხალხის რისხვა დაგატყდეთ თავს, რომელიც ამას არ გაპატიებს“ – განაცხადა კოკოითიმ.
კოკოითი უკმაყოფილოა, რომ ღარიბაშვილის ამ განცხადებებს არც სოხუმის, არც ცხინვალის ოფიციალური პირებისგან პასუხი არ მოჰყოლია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას კოკოითი მონანიებას ურჩევს ოსი და აფხაზი ხალხის წინაშე და ითხოვს აღიარებას, რომ საქართველო იყო აგრესორი, რომელიც ომის გაჩაღებასა და გენოციდზეა პასუხისმგებელი.
ამასთანავე, კოკოითი ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ზოგიერთ საკითხებზე სწორ დასკვნებს აკეთებს და ეს „გარკვეულ იმედს აჩენს“.
კოკოითი მხარს უჭერს საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ამბობს, რომ ეს მეზობელი ნატოს წევრი არ უნდა იყოს, არამედ უნდა ჰქონდეს ტრადიციული მართლმადიდებლური და ოჯახური ფასეულობები.
ედუარდ კოკოითი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი 2001-2011 წლებში იყო. 2017 და 2022 წელს ის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა, მაგრამ ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.