„ფაქტია და ეს „ქართულ ოცნებაშიც“ გამართულ საღამოს პრესკონფერენციაზეც დადასტურდა, რომ არა თუ საზოგადოების, არამედ კრიტიკულად განწყობილი მედიის დიდმა ნაწილმაც არ იცის პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის რეალური შინაარსი,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენით დამტკიცებას ვნებათაღელვა მოჰყვა, „ნაცმოძრაობას“ და მის დაქვემდებარებაში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდ დარტყმას მიაყენებს, სინამდვილეში კი, დოკუმენტი მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას ითვალისწინებს.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ სტიგმატიზაციის და ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის საპირწონედ საჭიროა საზოგადოებას კანონის რეალური შინაარსი აეხსნას.
„აშშ-ის საელჩოს 7 მარტის ბოლო, არადიპლომატიურ განცხადებაზე, რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად აღშფოთდა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურად თქვა – შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის. ფაქტია და ეს „ქართულ ოცნებაშიც“ გამართულ საღამოს პრესკონფერენციაზეც დადასტურდა, რომ არა თუ საზოგადოების, არამედ კრიტიკულად განწყობილი მედიის დიდმა ნაწილმაც არ იცის პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის რეალური შინაარსი. რასაკვირველია, მოსალოდნელი კანონი დიდ დარტმას აყენებს „ნაცმოძრაობას“ და მის მარიონეტ არასამთავრობოებს, ამიტომაც გააჩაღეს გაუგონარი სიცრუის კამპანია თითქოსდა ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად.
დოკუმენტი კი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. არავის საქმიანობა არანაირად იზღუდება დაფინანსებული პროექტების შინაარსის მიუხედავად. კარგია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იზიარებს არაერთი ადამიანის პოზიციას, რომ კანონპროექტზე ბოროტი იარლიყების მიკერებისა და სტიგმატიზაციის საპირწონედ აუცილებელია მძლავრი ახნა-განმარტებითი კამპანია საზოგადოებაში, რათა მოტყუებულთ და მწარე შეცდომაში შეყვანილთ აეხსნათ კანონის რეალური შინაარსი და დაეხსნან ნაცმანიპულატორთა ბოროტი დეზინფორმაციის ტყვეობას,“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.