რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ უკრაინელ კოლეგასთან მისი შეხვედრისთვის “დრო ჯერ არ დამდგარა”. ამის შესახებ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგების შეჯამებისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.
«მე გამოვხატე რწმენა, რომ რიგი საკვანძო საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია პრეზიდენტების შეხვედრა, მით უფრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამას ომის დაწყების მომენტიდან ითხოვს. პუტინმა მიპასუხა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და მოლაპარაკებათა მონაწილეებმა ეს პროცესი უნდა გააგრძელონ, რომ მოლაპარაკებებზე არის “უმნიშვნელო წინსვლა” და რომ “მხარეთა პოზიციები ოდნავ დაახლოვდა”. ყველას გვსურს, პროცესში სინათლის სხივი ვიხილოთ. სანქციები მუშაობს, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. პრობლემა იმაშია, სურს თუ არა მშვიდობა რუსეთს და ჯერ-ჯერობით ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. მხოლოდ უკრაინის თავდაცვამ შეაფერხა შეჭრა და შესაძლოა, მიგვიყვანოს სამშვიდობო პროცესამდე», – განაცხადა დრაგიმ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, პუტინთან მისი სატელეფონო საუბარი 30 მარტს 45 წუთს გრძელდებოდა, გარკვეულ მომენტში ზარი გაწყდა, თუმცა პუტინმა დრაგის გადაურეკა.