სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების სამიტის დროს, მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს, – ამის Reuters-ი ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ფარული შეხვედრის დროს ჩატარებულ დისკუსიებზე რამდენიმე თემა განიხილეს. წყაროები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მოიცავდა უკრაინის ომსა და ტრანსნაციონალურ დანაშაულს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვოლოდიმირ გავრილოვი სინგაპურში ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრო, მაგრამ, მისი თქმით, საიდუმლო შეხვედრას არ დასწრებია.
წყაროები ამბობენ, რომ შეხვედრის ტონი იყო კოოპერატიული და არა კონფრონტაციული და აღნიშნავენ, რომ საიდუმლო შეხვედრები სინგაპურში არ არის ახალი, მაგრამ საიდუმლოდ ინახება.
„ასეთ შეხვედრებს მასპინძლობს სინგაპურის მთავრობა და რამდენიმე წელია იმართება ცალკეულ ადგილას უსაფრთხოების სამიტის პარალელურად“, – აცხადებენ წყაროები.