„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ნატოს უფრო დაუცველს და მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის ფედერაციას, რა შედეგები მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას.
მან აღნიშნა, რომ ნატო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ ომი მოიგოს.
„იარაღს, რომელსაც ახლა ვაწვდით უკრაინას, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, ჩამოაგდეს მრავალი რუსული რაკეტა და თვითმფრინავი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება, რადგან მოკავშირეები ახლა უფრო აქტიურდებიან. გერმანიამ ახლახან მიაწოდა უახლესი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები. გასულ კვირას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა მოკავშირემ განაცხადეს, რომ უკრაინას მიაწვდიდნენ ახალ სისტემებს და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას.
ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებულმა შეიარაღების სისტემებმა უკვე დიდი გავლენა მოახდინა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია საჰაერო უპირატესობას, უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლს. და ეს იყო დიდი პრობლემა რუსეთის ჯარებისთვის მთელი ომის განმავლობაში. ეს მოხდა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარისა და მონდომების გამო, გამოიყენონ ძველი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც მათ უკვე ჰქონდათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.