მიმდინარე წლის ბოლომდე ნატოს მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა 50 მლრდ აშშ დოლარი იქნება. ამ მომენტისთვის დახმარების ოდენობამ უკვე შეადგინა 33 მლრდ დოლარი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო დახმარებას და მის გაზრდასაც ვაპირებთ. იმედი მაქვს ასევე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. უკრაინამ ძალისმიერი პოზიციიდან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯუზეპე კავო დრაგონემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 1,5 მლრდ დოლარის ამერიკული იარაღი, რომლის შეძენა PURL-ის პროგრამით ხდება. ამ მექანიზმის მიხედვით, უკრაინის მოკავშირეები მას აუცილებელი იარაღის შესაძენად თანხებს აძლევენ.
ნატოს მაღალჩინოსნის თქმით, ნატოს მიერ გამოყოფილი თანხებით რაკეტსაწინააღმდეგო და დრონების საწინააღმდეგო სისტემების, ასევე სხვადასხვა კალიბრის ჭურვების შეძენა შეიძლება მოხდეს. აუცილებელი იარაღის ჩამონათვალს კიევი ადგენს.