ნატოს წევრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას აპირებენ. ეს გახდება სამხედრო დახმარების პრიორიტეტი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან მოუწოდა პარტნიორებს, მიაწოდონ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სისტემები რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა და მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს სისუსტის ნიშანი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ალტერნატივები ეწურება.
„უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს, მაშინ როცა რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს საზარელ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – დასძინა სტოლტენბერგმა.