ნატომ სერბეთს კოსოვოში ჯარისა და პოლიციის შეყვანაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის ცნობით, ნატოს მისიამ უარყო სერბეთის მთავრობის მოთხოვნა კოსოვოში 1000-მდე პოლიციელის და ჯარის გაგზავნის შესახებ სერბებსა და კოსოვოს ხელისუფლებას შორის შეტაკებების შემდეგ.
„კოსოვოში სერბეთის ჯარის დაბრუნების საჭიროება არ არსებობს“, – ნათქვამია ნატოს მისიის განცხადებაში.
გასულ თვეში, ომის დასრულების შემდეგ პირველად, სერბეთმა მოითხოვა ჯარების განლაგება კოსოვოში.
ვუჩიჩმა გააკრიტიკა ნატოს მისია იმის გამო, რომ სერბეთს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მართლმადიდებლური შობის წინა დღეს აცნობა.
კოსოვოს პოლიციამ დააკავა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეჭვმიტანილია ორი ახალგაზრდა სერბის მისამართით სროლასა და დაჭრაში. პოლიციის განცხადებით, ორივე დაზარალებული, 11 და 21 წლის, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის შემდეგ ქალაქ შტერფჩეში ათასობით სერბმა საპროტესტო აქცია გამართა. კოსოვოს ხელისუფლებამ დაგმო ინციდენტი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.