ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ალბათ ამას რაღაც სხვა პოლიტიკური მიზნით აკეთებ, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მაიკლ კარპენტერის თქმით, კელი დეგნანი წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, ის ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს.
„კელი დეგნანი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური კარიერა და საქართველოში უდიდეს საქმეს აკეთებს.
ყველა, ვისაც მასთან ერთად უმუშავია, აღნიშნავს მის ერთგულებას საკუთარი საქმისადმი, მის ცოდნას რეგიონის შესახებ და მის დიპლომატიურ უნარებს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ალბათ ამას რაღაც სხვა პოლიტიკური მიზნებით აკეთებს.
კელი დეგნანი წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, ის ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს და საკმაოდ წარმატებითაც უმკლავდება იმ პროპაგანდას, თითქოს აშშ ცდილობს საქართველოს ჩათრევას ამ ომში, რაც სრული სიცრუეა და თავად ელჩმაც არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ მკაფიოდ“, – აცხადებს ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.