პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, იმ შემთხვევებში, როცა მოქალაქეთა რაოდენობა და ღონისძიების მასშტაბი არ ქმნის რეალურ საჭიროებას გზის გადაკეტვისთვის, მსგავსი ქმედება აღარ განიხილება როგორც გამოხატვისა და შეკრების უფლების განხორციელება, არამედ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
წილოსანის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია მანამ, სანამ ის კანონით დადგენილ ჩარჩოებში რჩება და არ არღვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან გადაადგილების თავისუფლების პრინციპებს.
„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია მანამ, სანამ ის იმ წესებისა და კანონების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის განსაზღვრული. თუ ადამიანთა რაოდენობიდან გამომდინარე გზის გადაკეტვა აუცილებლობას წარმოადგენს — ეს ლოგიკურია და კანონით დასაშვებია. მაგრამ, როდესაც ეს ხდება ხელოვნურად და მიზანმიმართულად, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ასეთი ქმედება მკაცრად ისჯება,“ — აღნიშნა წილოსანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა, სადაც 2022 წელს მაგისტრალის ბლოკირების გამო ადამიანთა ჯგუფს 4-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
„ასეთ შემთხვევებში, არც ქართულ კანონმდებლობაში და არც სხვა ევროპულ ქვეყანაში ეს არ აღიქმება გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციად. თუ ადამიანების რაოდენობა არ ქმნის ბუნებრივ საჭიროებას გზის გადაკეტვისთვის, ეს უკვე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა,“ — განაცხადა ნინო წილოსანმა.
📍 შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მცირე რაოდენობის ადამიანებმა გზა ხელოვნურად გადაკეტეს. ადგილზე მყოფი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი პროცესს ტროტუარიდან ადევნებდა თვალს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ფაქტის გამო ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, ერთი რუსეთის მოქალაქეა.