„ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ, მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ უნდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესი შელახონ, შელანძღონ და გააფუჭონ.
„საუბედუროდ დღეს პარლამენტში გვყავს ოპოზიციის არც თუ ისე მცირედ წარმომადგენელი, რომლისთვისაც პრიორიტეტები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მათ მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნიათ. მათ საქართველოს ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული.
მერკანტილური და ვიწროპარტიული ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის განმაპირობებელი. საუბედუროდ, ასეთია მათი ბუნება და ამიტომაც არის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება და შემდგომი ნაბიჯის გადადგმა, არამედ მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ.
მათ არ უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეცდებიან, რომ პროცესი შელახონ, შელანძღონ გააფუჭონ და საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს“,- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.