„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდამსხმელების ნაწილი ოპოზიციურმა მედიამ დაასახელა, მათ შორის ორი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გამართულ აქციებთან არის კავშირში. დასახელდა ლუკა თოფურიძე, რომლის დედაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ნინუცა ბორჩხაძეა. ბორჩხაძემ და თოფურიძის მეუღლემ დაადასტურეს, რომ ლუკა თოფურიძე თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მათი თქმით, მხოლოდ ეხმარებოდა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს. „მთავარმა არხმა“ სიიდან თოფურიძის გვარი ამოშალა, თუმცა შემდეგ ისევ დააბრუნა, რასაც ნინუცა ბორჩხაძის უკმაყოფილება მოჰყვა. დასახელებული ზუკა ძნელაძის ოჯახი კი აქციებში მონაწილეობს.
ოპოზიციურმა არხმა ასევე დაასახელა გიორგი კორძაია და გიორგი ლალიაშვილი.
„იდენტიფიცირება „შეძელით” ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც ტიტუშკაა, არც ზონდერი. არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ. ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება. ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ. ველოდები თქვენგან პასუხს. Update: მთავარმა დროებით წაშლა პოსტო. მერე იმედმა დაწერა, რომ წაშალეს, იმიტომ, რომ ჩემი შვილია და ისევ დააბრუნეს ეს პოსტი. საღოლ თქვენ დანო და ძმანო. ყოჩაღ“, – წერს ლუკა თოფურიძის დედა.
„მეგობრებო, ვრცელდება იმ ადამიანების გვარები და სახელები, ვინც სადისტურად გაუსწორდა ტვ-პირველის ოპერატორს. გვარებში ჩამონათვალში არის ჩემი ქმარი ლუკა თოფურიძე. ლუკამ დაინახა, რომ ჩხუბი იყო, ერთ ადამიანს ურტყამდა ბევრი, კადრებში კარგად ჩანს, რომ საერთოდ სხვა მიმართულებიდან უახლოვდება, აშორებს ამ ხალხს, ვინც ურტყამს, მიწაზე დაცემულ ადამიანს, მერე აყენებს და მიდის. ლუკას აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მაგრამ არ უკეთია ნიღაბი და არ ფარავს თავის სახეს, რაც ნათელია, რომ სრულიად შემთხვევით არის შემთხვევის ადგილზე. ახურავს პომპონიანი ქუდი, რომლის ამოცნობაც მარტივად შეიძლება. ლუკას არასდროს ჰქონია შეხება არც ტიტუშკებთან, არც ადამიანებს უსწორდება ფიზიკურად ქუჩებში და ზოგადად, მსგავსში არაფერში არასდროს მონაწილეობა არ მიუღია, არ მიიღებს. უფრო ვრცელ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ლუკა მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება იმ ადამიანს, რომელსაც სცემენ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, სანამ ადამიანს ასეთ ბრალდებას წაუყენებთ კარგად ინფორმირდით და მხოლოდ შემდეგ მიეცით თავს უფლება წეროთ და ავრცელოთ ის ინფორმაცია, რასაც ავრცელებთ და თუ მაინცდამაინც – ისაუბრეთ ფაქტებით“, – წერს სოციალურ ქსელში ლუკა თოფურიძის მეუღლე ელენე ნაცვალაძე.