რუსეთი აგრძელებს ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერასა და განვითარებას აზერბაიჯანთან და მათი გაწყვეტით არავინ არის დაინტერესებული, მიუხედავად ბოლო დროის გარკვეული სირთულეებისა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ტელეკომპანია „Россия 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მართლაც, ბოლო პერიოდში რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული ვითარება საკმაოდ რთულია.
„აქ ერთმანეთს დაემთხვა მთელი რიგი მოვლენები – მათ შორის, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად და ასევე ცნობილი ინციდენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოხდა ეკატერინბურგში, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. – ჩვენი პოზიცია ცალსახაა: ყველა ასეთ შემთხვევაზე უნდა ჩატარდეს სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, მოხდეს ფაქტების საფუძვლიანი შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები კომპეტენტურმა ორგანოებმა.“
ოვერჩუკის განცხადებით, კითხვები ერთმანეთის მიმართ ორივე მხარეს აქვს.
„აზერბაიჯანის მხრიდან ვხედავთ გარკვეულ უკმაყოფილებას, თუმცა არც ჩვენი მხრიდან არის ნაკლები უკმაყოფილება – ჩვენთვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანში დაკავებულია რუსეთის 13 მოქალაქე, რომლებიც ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში. ეს საკითხი, ბუნებრივია, დიდ ყურადღებას მოითხოვს და ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ აზერბაიჯანის მხარესთან,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ბედი და კეთილდღეობაა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაკავებულთა შორის არიან ჩვენი ჟურნალისტებიც. და, რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებით, ბევრი მათგანი შემთხვევით აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში,“ – აღნიშნა ოვერჩუკმა.
რუსეთის ვიცე-პრემერის თქმით, აღნიშნული საკითხები აქტიურად განიხილება აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან.
„ამ პროცესში საჭიროა მოთმინება და სიმშვიდე, რადგან მთლიანობაში აზერბაიჯანთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება და მყარია, და არ არსებობს ინტერესი მათი გაწყვეტის არც ერთ მხარეს,“ – ხაზი გაუსვა ალექსეი ოვერჩუკმა.
ინტერვიუში, რომელიც საერთაშორისო ეკოლოგიური კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა და ამ დღეებში ალთაის რესპუბლიკაში იმართება, ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მომართულია სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ.