BBC ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან.
23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია -17, საფრანგეთი – 15, აშშ – 14 და ნიდერლანდები – 1.
დოკუმენტში არ არის მითითებული, სად იმყოფებიან და რას აკეთებენ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალების წარმომადგენლები.
ამ საკითხებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
„მკითხველები ფრთხილად უნდა იყვნენ ბრალდებების ნდობასთან დაკავშირებით, რომლებსაც დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი აქვთ”, – ნათქვამია განცხადებაში.