ევროპის ქვეყნებს მოუწევთ უკრაინის ხელისუფლების — ე.წ. კიევის რეჟიმის — მხარდაჭერა დიდი დროის განმავლობაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კრემლის წარმომადგენელს ჰკითხეს, როგორ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას მომდევნო ორი ან სამი წლის განმავლობაში დასჭირდება ევროპის ფინანსური დახმარება რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
„რეალობა ასეთია — მას შემდეგ, რაც ევროპამ საკუთარ თავზე აიღო კიევის რეჟიმის მსგავსი კლიენტის პასუხისმგებლობა, ახლა მათ აშკარად მოუწევთ მისი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება დიდი ხნის განმავლობაში,“ — აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე დაამატა, რომ „კიევის რეჟიმს შესანიშნავად ესმის, როგორ მოითხოვოს ფული და როგორ დახარჯოს იგი ისე, რომ შემდგომში კვალი არ დარჩეს.“
მედიის ცნობით, ევროკავშირმა 2025 წლის დასაწყისიდან უკრაინას უკვე გამოუყო 20.5 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო ბიუჯეტის დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის საერთო ფინანსურმა დახმარებამ უკრაინისადმი 177.5 მილიარდ ევროს მიაღწია.