მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შევახსენო – თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, აღშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს? – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ.
„ეს ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან მარტივად ასახსნელი ფარისევლობა. ეს არის ტყუილი. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის – აი, ასეთი დამოკიდებულება, შანტაჟი – ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება და ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულებთ 12-ვე რეკომენდაციას, მაქსიმუმს ვაკეთებთ, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის პროცესში. გეტყვით, რომ 1 საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც კიდევ ერთხელ განვიხილავთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე.
ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.