ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის სარჩელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
ოპოზიციონერი დეპუტატის ცნობით, მას სასამართლომ უთხრა, რომ პრემიერის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.
„სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე. 3-მა მილიონმა კაცმა უყურა იმას ეთერში, როგორ ცილი დამწამა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრემიერმა და გვითხრეს, არასაკმარისი მტკიცებულება არისო. თან სამი დისკი დავურთეთ ამას ფაქტოლოგიად და პასუხში წერია, რომ ფაქტოლოგია არ არის საკმარისიო.
მოსამართლე არის ვინმე არჩილ კოჭლამაზაშვილი. ანუ დასაბუთება არ არისო და კიდევ წერია, რომ რას ვითხოვ გაუგებარია. ვითხოვ, რომ მან {პრემიერმა} ოფიციალურად და ღიად უარყოს თავისი ნათქვამი და მოიხადოს ბოდიში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს კონვენციური უფლება ჩამომართვეს, რომ სასამართლო გამოვიყენო, უბრალო მოქალაქეს რას უზამენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.