ტელეკომპანია სეზონი

მარტი 12, 2025 19:59 საათი

თბილისი

Mar 12 - Wed
Tbilisi, GE
20°C clear sky

რომ დაგვეჯერებინა ოპოზიციისთვის და უცხოელებისთვის დღეს ვიქნებოდით დანგრეული და ათასობით მოკლული ადამიანის მგლოვიარე ქვეყანა

სად არის საქართველო ამ გეოპოლიტიკურ და ტექტონიკურ ძვრებს შორის? კარგია, რომ აღიარებთ ამ ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, რომ სინამდვილეში მართლაც ტექტონიკურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე და ეს ამავე დროს აღიარებაა იმისა, რომ დაფიქრებაა ხოლმე ამ დროს საჭირო და არა „ავარდნა“ გონჩარენკოსნაირი ხალხის მოწოდებებზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, სად არის საქართველო გეოპოლიტიკურ და ტექტონიკურ ძვრებს შორის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3000 წელი ვართ. ეს ტექტონიკური, გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა. 3000 წელი ამ პირობებში ვართ. მგონი ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცები, თუ არა ჩვენმა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უნდა გვასწავლოს ის, რომ ჩვენ პირველი, რასაც უნდა ვენდოთ, უნდა ვენდოთ საკუთარ ხალხს და საკუთარ თავს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც მიენდო ზოგიერთებს და ვნახეთ რა ხდება ახლა უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი აღარ აქვს. უფრო სწორად ვერ ამბობენ რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. უკრაინის ხელისუფლების არჩევანი რა არის – იომონ თუ მშვიდობა დაამყარონ? ხომ ვხედავთ, რომ მათ ამაზე პასუხი თავად აღარ აქვთ. იმიტომ, რომ ორ უბედურებას შორის არჩევანი უწევთ. ეს არის, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი ხელისუფლება მიენდობა სხვებს, ეს არის ყოველთვის დასასრული. ეს ჩვენ გვინახავს. ასეთი ომები როგორ იწყება და როგორ მთავრდება, ვნახეთ 2008 წელს. რაიმე პარალელებს ხომ ვერ ხედავთ შემთხვევით იმ ომის დაწყებასა და დასრულებაში და უკრაინაში ომის დაწყებაში და როგორც სრულდება? ჩვენი, 2008 წლის ომი 8 თვის დასრულებული იყო, როდესაც ჰილარი კლინტონმა და ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი და წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის არმია წითელ მოედანზე იდგა 2010 წლის 9 მაისს და აღლუმს აბარებდა რუსეთის პრეზიდენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმიტომაც ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, იმიტომაც აგვირჩია ქართველობა ხალხმა, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებით.

ეს ნიშნავს, რომ როცა არის რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სადაც უწევს ქვეყანას არსებობა, ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია ასე ვართ, ამ სირთულეებში ვართ. ერთადერთი, რამაც ჩვენ გაგვაძლებინა საუკუნეები და ათასწლეულები იყო საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრი და არა ის, რომ ვიღაცა სხვას ავყოლოდით. რაც შეეხება ზურგებს, უკრაინასაც შესთავაზეს ზურგი და ამ ზურგმა როგორ ივარგა ან 1994 წელს გახსოვთ თქვენ ბირთვული იარაღი დაათმობინეს უკრაინას. იყო მსოფლიოში მესამე ბირთვული სახელმწიფო ამერიკის, რუსეთის შემდეგ უკრაინა. დაათმობინეს ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთმა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ბრიტანეთმა და პირობა მისცეს, პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, შენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხე არ შეექმნება, ჩვენ ვართ გარანტები. ზელენსკის სულ ახლახან ჰქონდა ინტერვიუ. როცა დაიწყო ომი მიმართა ყველას, რომ აბა სად ხართ გარანტორები, სად იყო ის ზურგი 1994 წელს მიცემული და სად იყო ის ზურგი, რომელიც 2022 წელს მისცეს. ასე რომ ზურგებზე კი არ უნდა იფიქროს დამოუკიდებელმა ქვეყანამ, უნდა იფიქროს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში გარე ძალებს ჰქონდათ ჩანაფიქრი, რომ „აეგდო საქართველო და ჩაება ომში“, თუმცა ეროვნულმა ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ რადიკალები ან „ენჯეოები“, ისინი აუცილებლად ჩაებმებოდნენ ომში.

„რომ დაგვეჯერებინა ოპოზიციისთვის, „ენჯეოებისთვის“ და უცხოელებისთვის დღეს ვიქნებოდით დანგრეული და ათასობით მოკლული ადამიანის მგლოვიარე ქვეყანა, როგორც არის უკრაინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის